საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2018 წლის 28-30 აპრილს განხორციელდა საქართველოს დანიშნული ელჩის, ალექსანდრე ნალბანდოვის პირველი ვიზიტი ლიბიაში.

2018 წლის 28-30 აპრილს განხორციელდა საქართველოს დანიშნული ელჩის, ალექსანდრე ნალბანდოვის პირველი ვიზიტი ლიბიაში.
ვიზიტის ფარგლებში, მ/წ 29 აპრილს გაიმართა საქართველოს ელჩის შეხვედრა ლიბიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ევროპული დეპარტამენტის დირექტორთან, ბ-ნ ტურჯიმან ლუაისთან. შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების ძირითადი ასპექტები და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.
იმავე დღეს, ქ. ტრიპოლიში გაიმართა სასამართლო პროცესი ლიბიაში პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის ბ-ნ სოსლან კაკაბაძის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. საქმის განხილვის შედეგად სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ბატონ ს. კაკაბაძის მიმართ წაყენებული ყველა ბრალდების მოხსნის და პატიმრობიდან დაუყოვნებლივი გათავისუფლების შესახებ. სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ გაიმართა საქართველოს ელჩის არაფორმალური შეხვედრა ტრიპოლის სასამართლოს თავმჯდომარესთან, რომლის განცხადებით, ბატონ ს. კაკაბაძის საქმესთან დაკავშირებით სასამართლომ ერთადერთი სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო.
ლიბიის შესაბამის ორგანოებთან შეთანხმებით, მ/წ 29 აპრილს საქართველოს ელჩმა ასევე მოინახულა ქ. ტაჯურას ციხეში წინასწარ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები, ბატონები გენადი კომახიძე და რომან კაკალაძე. საუბრის დროს ძირითადი ყურადღება მათი სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობასთან და შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს დაეთმო. პატიმრებს ასევე გარკვეული რაოდენობის სურსათი და სასმელი წყალი გადაეცა. შეხვედრის დროს საქართველოს ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღნიშნული საქმის ფარგლებში ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეთა სამართლებრივი და საკონსულო დაცვის უზრუნველყოფა, და ამ მიზნით ქართული მხარე მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას და ბერკეტს იყენებს.