საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2019 წლის 12-16 დეკემბერს, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფებოდა აფხაზეთის (საქართველო) ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაცია

2019 წლის 12-16 დეკემბერს, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფებოდა აფხაზეთის (საქართველო) ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში  იყვნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი  ბ-ნი თეიმურაზ მჟავია, აფხაზეთის ა/რ მინისტრი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში ბ-ნი დავით ფაცაცია,  იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის ადმინისტრაციის უფროსი ბ-ნი ირაკლი თადუმაძე, აფხაზეთის ა/რ რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ბ-ნი ბონდო გასვიანი, აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი ბ-ნი დავით რაფავა; სავაჭრო-სამრეწველო პალატის ადმინისტრაციის უფროსი ქ-ნი ნანა მაჭარაშვილი.

ვიზიტის ფარგლებში, მ/წ 14 დეკემბერს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ყოველწლიურ საშობაო საქველმოქმედო ბაზრობაში, რომელშიც ეგვიპტეში აკრედიტებულ სხვა დიპლომატიურ მისიებთან ერთად საქართველოს საელჩოც იყო ჩართული. საელჩოსათვის გამოყოფილ სივრცეში წარმოდგენილი იყო აფხაზეთთან ასოცირებული კომპანიებისა და ბიზნესმენების მიერ წარმოებული ალკოჰოლური (ღვინო, ჭაჭა) და სოფლის მეურნეობის პროდუქცი (თაფლი, ჩაი), ასევე ტრადიციულ სტილში შესრულებული სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთი და სუვენირები.

ძალზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით საქველმოქმედო ბაზრობის მსვლელობისას გაიმართა აფხაზეთის ა/რ დელეგაციის პირველი შეხვედრა ეგვიპტეში მოღვაწე აფხაზური წარმოშობის აბაზას ოჯახის წარმომადგენლებთან. 

მ/წ 15 დეკემბერს საელჩოს სახელით გაიმართა აბაზების ოჯახის წევრებისათვის სამუშაო ლანჩი, რომლის დროსაც აბაზების ოჯახისა და აფხაზეთის დელეგაციის წევრებმა ისაუბრეს შემდგომი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებთან დაკავშირებით.

ვიზიტის ბოლო დღეს, მ/წ 16 დეკემბერს გაიმართა დელეგაციის წევრთა შეხვედრა კაიროს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარესთან ბ-ნი იბრაჰიმ მუჰამედ ელ-არაბსა და  პალატის მმართველი საბჭოს სხვა წევრებთან. შეხვედრისას ხაზი გაესვა ბიზნესისა და ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის განვითარების და კონკრეტული ორმხრივი პროექტების შემუშავების მნიშვნელობას. აღსანიშნავია, რომ ორივე მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, ხელი შეუწყონ შედეგზე ორიენტირებული ურთიერთობების განვითარებას.