საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2018 წლის 4-6 დეკემბერს, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაცია მთავრობის თავმჯდომარის ბატონ ვახტანგ ყოლბაიას ხელმძღვანელობით

2018 წლის 4-6 დეკემბერს, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაცია მთავრობის თავმჯდომარის ბატონ ვახტანგ ყოლბაიას ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იყვნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ბატონი ჯემალ გამახარია და ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე პრეზიდენტი ბატონი ივანე დოლიძე.

ვიზიტის ფარგლებში, მ/წ 5 დეკემბერს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში გაიმართა წიგნის „აფხაზეთი, საქართველო: ისტორია, პოლიტიკა და კულტურა“ (არაბულ ენაზე) პრეზენტაცია და პრეს-კონფერენცია ეგვიპტის მასობრივი ინფორმაციის წამყვანი საშუალებების წარმომადგენელთათვის. ადგილობრივმა ჟურნალისტებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია აფხაზეთის, საქართველო კონფლიქტის მიზეზების, მიმდინარეობისა და ამ მხრივ ამჟამად არსებული ვითარების, ასევე ქართული მხარის სამშვიდობო ინიციატივების შესახებ. საგულისხმოა, რომ პრეზენტაციამ და პრეს-კონფერენციამ დიდი ინტერესი გამოიწვია და ფართოდ გაშუქდა ეგვიპტის მედიის მიერ.

მ/წ 6 დეკემბერს გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაციის შეხვედრა ეგვიპტის ერთ-ერთი უმსხვილესი, „აინ შამსის“ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან, კერძოდ, აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულების პრეზიდენტთან პროფესორ აბდელ ვაჰაბ ეზასა და ვიცე-პრეზიდენტთან პროფესორ აბდელ ნასერ ბადავისთან . შეხვედრის დროს საუბარი შეეხო საქართველოს, მათ შორის აფხაზეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და „აინ შამსის“ უნივერსიტეტს შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პოტენციური სფეროებისა და შესაძლებლობების შესახებ. აღნიშნულ კონტექსტში ეგვიპტის მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, ახლო მომავალში განახორციელოს გაცნობითი ხასიათის ვიზიტი საქართველოში, შესაძლო პარტნიორებთან უშუალო კონტაქტების დამყარების მიზნით.

იმავე დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაცია ესტუმრა კაიროს სავაჭრო სამრეწველო პალატას. გამართული შეხვედრის დროს, რომელშიც ეგვიპტის მხრიდან მონაწილეობდნენ პალატის პრეზიდენტი იბრაჰიმ მაჰმუდ ელარაბი და პალატის მმართველი საბჭოს სხვა წევრები ხაზი გაესვა ბიზნესისა და ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის განვითარების და კონკრეტული ორმხრივი პროექტების შემუშავების მნიშვნელობას. აღსანიშნავია, რომ ორივე მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, ხელი შეუწყონ შედეგზე ორიენტირებული ურთიერთობების განვითარებას.