საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს "ჩემი ქართული სკოლა"
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“. საგრანტო პროგრამის მიზანია ქართული ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, მოსწავლეების კულტურულ აქტივობებში ჩართულობის გაზრდა, საკვირაო სკოლების გაძლიერება სასწავლო მასალით და შემოქმედებითი რესურსებით, საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩართულობით.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:
· საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს;
· საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ საკვირაო სკოლებს;
· საზღვარგარეთ მოქმედ არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებიც საქმიანობენ ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციის მიმართულებით, რომლებიც თანამშრომლობენ ქართულ საკვირაო სკოლებთან;
· სულ მცირე ბოლო ერთი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ მცხოვრებ და ადგილსამყოფელ ქვეყანაში არანაკლებ შემდგომი ექვსი თვის მანძილზე ცხოვრების უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს.
დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა და ფიზიკურმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:
· შევსებული განაცხადის ფორმა;
· განმცხადებლის, საქართველოს მოქალაქის მოქმედი პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი;
· ადგილსამყოფელ ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
· პროექტის დეტალური აღწერა;
· ხარჯთაღრიცხვა.
პროექტების შეფასებისას უპირატესობა მიენიჭება შემდეგ კრიტერიუმებს:
· დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან თანამშრომლობის ხარისხი;
· პროექტის მოსალოდნელი შედეგი;
· პროექტში მოსწავლეთა და მასწავლებელთა ჩართულობის დონე;
· პროექტის ინოვაციურობა და მდგრადობა;
· პროექტის განხორციელებადობა და ხარჯთაღრიცხვის გამართულობა.
განაცხადი მიიღება 2026 წლის 28 ივნისის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2026 წლის 28 ივლისს და ეცნობება გამარჯვებულ კანდიდატებს.
საგრანტო კონკურსის „ჩემი ქართული სკოლა“ - დანართები:
განაცხადის ფორმა;
ხარჯთაღრიცხვის ფორმა.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
ელ-ფოსტა: [email protected]
ტელეფონი: (+995 32) 2 94 50 00
