მისასალმებელი სიტყვა
მოგესალმებით ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ოფიციალურ ვებგვერდზე.
ჩემთვის უდიდესი პატივი და პრივილეგიაა როგორც საქართველოს ელჩი წარმოვადგენდე ჩემს ერს, ხანგრძლივი ისტორიისა და კულტურის მქონე ქვეყანაში. აღსანიშნავია, რომ საუკუნეების განმავლობაში ვლინდებოდა ჩვენი სწრაფვა ურთიერთკავშირების გაფართოებისაკენ. დღეს კი ჩვენი მიზანია ისტორიულ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი მეგობრობა.
1992 წელს საქართველოს და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების დღიდან, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება. ჯერ კიდევ 1998 წელს, ქ. კაიროში საქართველოს დიპლომატიური მისიის დაფუძნება საქართველოს მთავრობის მხრიდან ეგვიპტესთან ურთიერთობების გაღრმავების მზარდ მნიშვნელობაზე მიუთითებდა.
ორ ქვეყანას ბევრი რამ აქვს საერთო: მდიდარი, მრავალსაუკუნოვანი ისტორია, ტრადიციებისა და კულტურისადმი ერთგულება, ეროვნული თვითშეგნების ძლიერი გრძნობა და ეროვნული დამოუკიდებლობის და ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცების სურვილი, რამაც საქართველოში, განსაკუთრებით უკანასკნელი წლების განმავლობაში მრავალ გამოცდას გაუძლო. ჩვენი ურთიერთობები ემყარება საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების უზენაესობის დაცვას, დემოკრატიისა და ჩვენი სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთპატივისცემას.
საქართველო განუხრელად ადგას წარმატებული დემოკრატიული, ადმინისტრაციული და ეკონომიკური რეფორმების გატარების გზას. აღნიშნულის შედეგად საქართველომ მნიშვნელოვნად აიმაღლა საერთაშორისო რეიტინგი და გააუმჯობესა საინვესტიციო გარემო. დღესდღეობით ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროებში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და პერსპექტიული ქვეყანაა.
ეგვიპტეში საქართველოს საელჩოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს ნებისმიერი სხვა დიპლომატიური მისიის მსგავსად, უპირველეს ყოვლისა წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ინტერესების და საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვა. ამასთან საელჩოს მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის არსებული კავშირების შემდგომი გაღრმავება, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორებიცაა პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები.
ჩვენი ვებგვერდის საშუალებით შევეცდებით დაინტერესებულ პირებს ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდოთ საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, ტურისტული პოტენციალის და ასევე საელჩოს საქმიანობის შესახებ.
საუკეთესო სურვილებით,
ნიკოლოზ აფხაზავა
საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი